ყვავილების ფესტივალი


ყვავილების ფესტივალი 

ყვავილების ფესტივალი ანუ ,,ვარდობისთვე თბილისში” უკვე რამოდენიმე წელია 26 მაისს იმართება. მასში მონაწილეობას პროფესიონალი ფლორისტები იღებენ. თითოეული მათგანი ამაყად წარმოადგენს იშვიათი ჯიშის მცენარეებს. დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ტურისტების საყვარელი თავშეყრის ადგილი – შარდენის და ერეკლეს ქუჩები ერთი დღით ნამდვილ ზღაპრულ ბაღს ემსგავსებიან. აქ თავს იწონებენ წითელი, ყვითელი, მელნისფერი, ვარდისფერი თუ ლურჯი ფუქსიები, ბეგონიები, პეტუნიები. ულამაზესი ვარდები დამთვალიერებლებს თავბრუს ახვევენ, მათ შორის კი მარადმწვანე დეკორატიული  ფიჭვები თუ ნაძვები და იშვიათი ჯიშის კაქტუსები იცქირებიან. ცოცხალი მცენარეების პარალელურად წარმოდგენილი ხის მერქნისგან, გამხმარი ყვავილებისა თუ ფოთლებისგან შექმნილი კომპოზიციები არანაკლები მოწონებით სარგებლობენ.
ფესტივალის ისტორია ყვავილების ფესტივალის მსგავსი ღონისძიება თბილისში XX საუკუნის დასაწყისში ყოველწლიურად ეწყობოდა. მაშინ მას ,,გვირილის დღე” ერქვა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ,,გვირილის დღე” დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმართებოდა. მასში მონაწილეობას თბილისის ინტელიგენცია იღებდა. ქალაქი ყვავილების ნაირ-ნაირ თაიგულში იძირებოდა. 

 ,,გვირილის დღეს'' გაყიდული ყვავილებიდან შემოსული თანხატუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალო ფონდში ირიცხებოდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ძალიან მალე ,,გვირილის დღე” დავიწყებას მიეცა. 2006 წელს კი ტრადიცია აღორძინდა  და თბილისს ,,ყვავილების ფესტივალის” სახით დაუბრუნდა. 
26 მაისი ძველ თბილისში 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირიდან თბილისის ისტორიულ უბანში ინაცვლებს. სამხედრო აღლუმის შემდეგ მოზეიმეებს საშუალება ეძლევათ შარდენისა და სიონის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი უიშვიათესი მცენარეების გამოფენა დაათვალიერონ, ერეკლეს ქუჩაზე გამართულ არტ-ბაზრობებზე სამახსოვრო სუვენირები შეიძინონ და მთელი დღის განმავლობაში საერთო მხიარულების ფერხულში ჩაებან. 


ყვავილები მშვიდობისათვის   

,,ყვავილების ფესტივალი 2009’’ მშვიდობის თემას მიეძღვნა. ღონისძიებას, ტრადიციულად, სიონის სკვერმა უმასპინძლა. ცნობილმა ფლორისტებმა თბილისელებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. მთელი დღის მანძილზე სიონის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია ულამაზესი ყვავილების მორევში იყო ჩაფლული. გვირილების წნულით მორთული და საგანგებოდ სახემოხტული დამთვალიერებლები ფესტივალიდან ულამაზესი ყვავილებით ხელდამშვენებულები ბრუნდებოდნენ. იშვიათი ჯიშის ქოთნის ყვავილები, მარადმწვანე, დეკორატიული ხეები – საფესტივალო გამოფენა-გაყიდვა დათვალიერებლებსა და ყვავილების შეძენის მსურველებს მრვალფეროვან არჩევას სთავაზობდა. ყველაზე პატარებს კი ფერად-ფერადი ყვავილების უზარმაზარ გვირგვინებთან და გამხმარი მცენარეებისგან შექმნილ ფიგურებთან ფოტოების გადაღება ახარებდათ.   
საფესტივალო არტ-ბაზრობები 
ყვავილების ფესტივალს თემატურად ეპასუხებოდა ფესტივალის ფარგლებშიგამართული გამოფენა-გაყიდვა. დეკორატიულ გამოყენებითი ნივთები, სუვენირები, სამკაულები, თექაში, ხეში, ლითონსა თუ თიხაში შერულებული ნამუშევრების მრავალფეროვნება არამარტო თბილისელ, არამედ უცხოელ დამთვალიერებელსაც იზიდავდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ყვავილების ფესტივალმა საღამომდე გასტანა. ბამბის რიგსა და სიონის ქუჩას დამთვალიერებელი მთელი დღის განმავლობაში არ მოჰკლებია. 
www.ambioni.ge

No comments:

Post a Comment